Decree of the Government of Georgia
On the Establishment of an Interagency Coordination Commission on the Introduction of the COVID-19 Vaccination in Georgia
--
--
მუხლი 1.
1. „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს კომისიის სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2.
1. კომისიის ამოცანაა:
ა) COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განახლება;
ბ) COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
2. კომისია უფლებამოსილია, განახორციელოს:
ა) COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) COVAX Facility-სთან კომუნიკაცია ეროვნული კოორდინატორის მეშვეობით;
გ) COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის კოორდინაცია;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექსპერტების, საქართველოს პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევა, კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.
მუხლი 3.
1. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს.
4. კომისიის წევრი უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე, წერილობით წარუდგინოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
6. გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის სხდომა შესაძლებელია, ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში.
7. კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრ(ებ)ის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
8. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
9. კომისიის წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე პირი.
10. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
11. კომისია უფლებამოსილია, სხდომებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები სათათბირო ხმის უფლებით.
მუხლი 4.
1. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება და ფორმდება სხდომის ოქმით.
3. ელექტრონულ ფორმატში სხდომის ჩატარების შემთხვევაში, კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომისიის წევრთა მიერ გაგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
მუხლი 5.
1. კომისიის სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს კომისიის ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
ბ) ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას;
გ) ამზადებს კომისიის დღის წესრიგებს, სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ კომისიის წევრებს;
დ) კომისიის წევრებსა და სხდომაზე მიწვეულ პირებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას და უგზავნის მათ კომისიის სხდომის დღის წესრიგს, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე;
ე) უზრუნველყოფს კომისიის მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას;
ვ) ხელს უწყობს სამუშაო ჯგუფის გამართულ და ეფექტიან მუშაობას.
2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო.
Cancel
Save
Annotate
Выберите статью в документе для работы с ней